სლოვაკეთის ეროვნული აჯანყება
სლოვაკეთის ეროვნული აჯანყება | |||
---|---|---|---|
მეორე მსოფლიო ომის ნაწილი | |||
სლოვაკი მეამბოხეების კოლონა კელემეშთან ახლოს (დღევანდელი პრეშოვის ნაწილი) | |||
თარიღი | 29 აგვისტო – 28 ოქტომბერი, 1944 | ||
მდებარეობა | სლოვაკეთი | ||
შედეგი |
გერმანიისა და სლოვაკეთის გამარჯვება
| ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
| |||
ძალები | |||
| |||
დანაკარგები | |||
| |||
სლოვაკეთის ეროვნული აჯანყება ვიკისაწყობში |
სლოვაკეთის ეროვნული აჯანყება (სლოვაკ. Slovenské národné povstanie) ან 1944 წლის აჯანყება — მეორე მსოფლიო ომის დროს სლოვაკთა წინააღმდეგობის მოძრაობის მიერ ორგანიზებული სამხედრო აჯანყება. აჯანყება 1944 წლის 29 აგვისტოს ბანსკა-ბისტრიცაში დაიწყო, სადაც აჯანყებულები შეეცადნენ წინააღმდეგობა გაეწიათ გერმანული სამხედრო ქვედანაყოფებისთვის, რომლებსაც ოკუპირებული ჰქონდა სლოვაკეთის ტერიტორია. აჯანყებულთა მიზანი იოზეფ ტისოსა და მისი კოლაბორაციონისტული მთავრობის დამხობა იყო. აჯანყება წარუმატებელი აღმოჩნდა, მან 1944 წლის 28 ოქტომბერამდე გასტანა. ბანსკა-ბისტრიცის დაცემის შემდეგ ამბოხებულთა სამხედრო ხელმძღვანელობა ვერმახტს ღია ბრძოლაში დანებდა, აჯანყება კი პარტიზანულ ომში გადაიზარდა. საბოლოოდ პარტიზანული ომი 1945 წელს დასრულდა, როდესაც საბჭოთა კავშირის, რუმინეთისა და ჩეხოსლოვაკიის არმიებმა სლოვაკეთი დაიკავეს. სლოვაკეთის ეროვნული აჯანყება ვარშავის აჯანყების შემდეგ ნაცისტური სისტემის წინააღმდეგ ორგანიზებულ აჯანყებებს შორის ყველაზე დიდია.
ომის შემდგომ პერიოდში, ბევრმა პოლიტიკურმა სუბიექტმა სცადა აჯანყების მისაკუთრება. ჩეხოსლოვაკიის სტალინისტური რეჟიმი აჯანყებას აღწერდა, როგორც კომუნისტური ძალების მიერ ინიციირებულ და მართვად ამბოხებად. სლოვაკი ულტრანაციონალისტები აცხადებდნენ, რომ აჯანყება იყო სლოვაკი ერის წინააღმდეგ მიმართული შეთქმულება, რომლის ერთ-ერთ მთავარ ამოცანასაც წარმოადგენდა სლოვაკეთის მარიონეტული სახელმწიფოს დამხობა და ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფოს აღდგენა, სადაც სლოვაკები ჩეხებზე დომინირებდნენ. სინამდვილეში, სლოვაკეთის ეროვნულ აჯანყებაში ბევრი ფრაქცია მონაწილეობდა, დემოკრატიული წინააღმდეგობა, კომუნისტური პარტიზანები, საერთაშორისო ძალები, მათ უმრავლესობას კი სლოვაკეთის არმიის აჯანყებული ნაწილები წარმოადგენდნენ. ფრაქციების გაერთიანების მიუხედავად, აჯანყებამ სახალხო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. საერთო ჯამში აჯანყება აერთიანებდა სლოვაკი ერის ყველა რელიგიის, კლასისა და ასაკის ანტინაცისტური პოლიტიკური ფრაქციების წევრებს.[9][10] დღევანდელ სლოვაკეთში 29 აგვისტოს ეროვნული დღესასწაულის დღე აღინიშნება.
წინასწარი მოლაპარაკებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლონდონში, დევნილობაში მყოფი ჩეხოსლოვაკიის მთავრობის ლიდერმა ედუარდ ბენეშმა 1943 წელს შესაძლო აჯანყებისთვის მზადება დაიწყო და სლოვაკეთის არმიის დისიდენტ ნაწილებს დაუკავშირდა. 1943 წლის დეკემბერში, აჯანყებაში მონაწილე სხვადასხვა ჯგუფებმა, დევნილობაში მყოფმა მთავრობამ, ჩეხოსლოვაკელმა დემოკრატებმა და კომუნისტებმა, ასევე სლოვაკეთის არმიამ სლოვაკეთის მიწისქვეშა ეროვნული საბჭო ჩამოაყალიბეს და ხელი მოაწერეს ეგრეთ წოდებული „საშობაო ხელშეკრულებას“. ხელშეკრულება წარმოადგენდა ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც აღიარებდა ბენეშის უფლებამოსილებას და მიზნად ისახავდა ომის შემდგომ ჩეხოსლოვაკიის აღდგენას. ეროვნული საბჭო ასევე პასუხისმგებელი იყო აჯანყების მომზადებაზე.
1944 წლის მარტში სლოვაკეთის არმიის ვიცე-პოლკოვნიკი იან გოლიანი აჯანყებისათვის მოსამზადებელ სამუშაოებს ჩაუდგა სათავეში. შეთქმულებმა შეძლეს და მოიძიეს საჭირო თანხა, საბრძოლო მასალები და სხვა რესურსები, რომელთაც ცენტრალური და აღმოსავლეთი სლოვაკეთის სამხედრო ბაზებზე მოუყარეს თავი. მეამბოხეები საკუთარ თავს ჩეხოსლოვაკიის შინაგან საქმეთა ძალებსა და ჩეხოსლოვაკიის პირველ არმიას უწოდებდნენ. დაახლოებით 3 200 სლოვაკმა ჯარისკაცმა მიატოვა არმია და პარტიზანულ ჯგუფესა და საბჭოთა არმიას შეუერთდნენ. 1944 წლის აპრილში ებრაელები რუდოლფ ვრბა და ალფრედ ვეტცლერი ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკიდან გაიქცნენ, მათ მიერ დაწერილმა მოხსენებამ საბოლოოდ გამოააშკარავა გერმანულ ბანაკებში მომხდარი საშინელებები.
1944 წლის ზაფხულში, პარტიზანები გერმანიის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ ომში უფრო გაძლიერდნენ, განსაკუთრებით გააქტიურდნენ ჩრდილო-ცენტრალური სლოვაკეთის მთიანეთში. ივლისში, საბჭოთა ჯარები უკვე კროსნოში, პოლონეთში იმყოფებოდნენ. კროსნოდან 40 კილომეტრის მოშორებით კი სლოვაკეთის ჩრდილოეთ საზღვარი მდებარეობდა.
1944 წლის ზაფხულში, სლოვაკეთის არმიის ორმა მძიმედ შეიარაღებულმა დივიზიამ, აღმოსავლეთ სლოვაკეთის საჰაერო ძალებთან ერთად, სლოვაკეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, პრეშოვში გადაინაცვლა, რისი მიზეზიც აჯანყების დაწყების ორი სავარაუდო გეგმიდან ერთ-ერთის განხორციელება იყო. ეს ორი გეგმა იყო:
- საბჭოთა არმიის (1-ლი უკრაინული ფრონტი მარშალ ივანე კონევის მეთაურობით) მოსვლამდე დუკლას უღელტეხილის აღება და კარპატების მთათა სისტემის გავლით პოლონეთისა და სლოვაკეთის გაერთიანება.
- იან გოლიანის ბრძანებით დუკლას უღელტეხილის დაუყოვნებლივ აღება, შემდგომში კი მისი შენარჩუნება და დაცვა გერმანული ძალებისაგან, საბჭოთა არმიის მოსვლამდე.
პრეშოვში გადაყვანილი დივიზიების შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ვილიამ ტალსკი იყო. იგი თანახმა იყო მეამბოხეთა არმიის ხელმძღვანელობაზე, ასევე ეთანხმებოდა სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს აჯანყების დაგეგმარების კომიტეტის გარემოებებიდან გამომდინარე განეხორციელებინათ ორი სავარაუდო გეგმიდან ერთ-ერთი. 1944 წლის 23 აგვისტოს, მეზობელი რუმინეთი, რომელიც მესამე რაიხს ემხრობოდა ალიანსს შეუერთდა. 1944 წლის 27 აგვისტოს კომუნისტი პარტიზანების ჯგუფმა 30 გერმანელი სამხედრო მოკლა. აღსანიშნავია, რომ მოკლული სამხედროები გერმანული ძალების მიერ რუმინეთის დატოვების მისიის წევრები იყვნენ. მეორე დღეს, გერმანულმა ძალებმა აჯანყებულთა დამხობის მიზნით სლოვაკეთის დაპყრობა დაიწყეს.
1944 წლის 29 აგვისტოს, 19:00 საათზე, სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა ფერდინანდ ჩატლოშმა სახელმწიფო რადიოში გამოაცხადა, რომ გერმანიამ სლოვაკეთის ოკუპაცია მოახდინა. 20:00 საათზე, გოლიანმა კოდირებული შეტყობინება გაუგზავნა ყველა სამხედრო ნაწილს და აჯანყების დაწყების ბრძანება გასცა. ნაცვლად იმისა, რომ ემოქმედათ გეგმის მიხედვით, ტალსკიმ და აღმოსავლეთ სლოვაკეთის საჰაერო ძალებმა პრეშოვში დისლოცირებული დივიზიები მიატოვეს და საბჭოთა ძალებთან გაერთიანების მიზნით პოლონეთში, სადესანტო ზონაში გაფრინდნენ. ხელმძღვანელის გარეშე, ქაოსში დარჩენილი ორივე დიზივია 30 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში ყოველგვარი წინააღმდეგობისა და გასროლის გარეშე განაიარაღეს. ამ ფაქტის გამო აჯანყება ნაადრევად დაიწყო, ამასთანავე აჯანყებულებმა დაკარგეს მათი გეგმის გადამწყვეტი კომპონენტი და მთავარი დასაყრდენი, ორი ყველაზე მზიმედ შეიარაღებული დივიზია.
ძალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავდაპირველად, მეამბოხე პარტიზანების რაოდენობა დაახლოებით 18 000 ჯარისკაცს შეადგენდა. 1944 წლის 9 სექტემბერს გამოცხადებული მობილიზაციის შემდეგ მათი რაოდენობა 47 000-მდე გაიზარდა. მოგვიანებით კი საერთო ჯამში მათი რაოდენობა 60 000 ჯარისკაცს შეადგენდა, ამას ემატებოდა 18 000 პარტიზანი 30 ქვეყნიდან. სლოვაკ მეამბოხეებს საკუთარი საჰაერო ძალებიც გააჩნდათ, მათ განკარგულებაში იყო მცირე რაოდენობის თვითმფრინავები, რომელთა უმეტესობაც უკვე მოძველებული იყო.
სლოვაკი მებრძოლების (ჩეხოსლოვაკიის 1-ლი არმია სლოვაკეთში) გარდა, აჯანყაბულთა შორის იყვნენ სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლებიც, მათ შორის გაქცეული ფრანგი ტყვეები, საბჭოელი პარტიზანები, ასევე სპეციალური ოპერაციების აღსრულების სამსახურისა და სტრატეგიული სერვისების სამმართველოს თამაშრომლები. სლოვაკები მეტწილად იყენებდნენ ბიპლანებსა და თვითნაკეთ ბრონირებულ მატარებლებს უკეთ აღჭურვილი გერმანული ტექნიკის წინააღმდეგ. 1944 წლის 7 ოქტომბერს ტრი დუბის აეროდრომზე შეერთებული შტატების B-17 Flying Fortress ტიპის ბომბდამშენები დაფრინდნენ, რომელთაც წინ P-51B Mustang ტიპის გამანადგურებლები მოუძღოდნენ. მათ ჩამოიტანეს დამატებითი მარაგი, ასევე ჩამოიყვანეს სტრატეგიული სერვისების სამმართველოს თამაშრომლები, რომელთაც საზღვაო ოფიცერი, ლეიტენანტი ჯეიმზ ჰოლტ გრინი ხელმძღვანელობდა.
აჯანყების დაწყების შემდეგ ჩეხოსლოვაკიის დევნილობაში მყოფი მთავრობის წევრები ჩეხესლოვაკიური სამხედრო ნაწილების აღმოსავლეთ ფრონტზე განთავსების შესაძლებლობას განიხილავდნენ, სადაც საბჭოთა არმია იმყოფებოდა. 1944 წლის 15-17 სექტემბერს ზვოლენის მახლობლად, ზოლნის აეროდრომზე დამოუკიდებელი ჩეხოსლოვაკი მებრძოლების პირველი პოლკის თვითმფრინავი დაფრინდა, მათ თან ახლდათ ლავოჩკინ ლა-5 ტიპის 21 გამანადგურებელი[11]. მოგვიანებით, 25 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით კარპატებიდან ამავე აეროდრომზე გადასახეს ჩეხოსლოვაკიის პარაშუტისტისტთა მეორე ბრიგადა.
აჯანყების მსვლელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აჯანყების დასაწყისი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]29 აგვისტოს, 20:00 საათზე იან გოლიანის მეთაურობით მეამბოხეებმა აჯანყება დაიწყეს. 30 აგვისტოს, დილით, აჯანყებულები ბანსკა-ბისტრიცაში შევიდნენ და ქალაქი მათ შტაბად აქციეს. 31 აგვისტოს, გერმანელმა სამხედროებმა აღმოსავლეთ სლოვაკეთის არმია განაიარაღეს და მათი უმეტესობა გერმანულ ბანაკებში გაგზავნეს, ნაწილმა კი გაქცევა შეძლო. ზოგიერთი გაქცეული სახლში დაბრუნდა, ზოგიც საბჭოელების მიერ კონტროლირებად პარტიზანებს შეუერთდა. 5 სექტემბერს გოლიანმა გენერლის წოდება მიიღო და სლოვაკეთში აჯანყებული ყველა ნაწილის მეთაური გახდა. სლოვაკებმა ცენტრალურ სლოვაკეთში 47 000 კაცის მობილიზება შეძლეს. გოლიანის წინასწარი ანალიზით ამბოხებულები გერმანელთა შემოტევებს დაახლოებით ორი კვირის მანძილზე გაუმკლავდებოდნენ[12]. 10 სექტემბრისთვის აჯანყებულები ცენტრალური და აღმოსავლეთ სლოვაკეთის დიდ ნაწილს აკონტროლებდნენ. აჯანყებული აკონტროლებდნენ ორ აეროდრომსაც, მათი გამოყენებით საბჭოთა კავშირის საჰაერო ძალებს აღჭურვილობა გადმოჰქონდა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სლოვაკეთის ეროვნული აჯანყება
- სლოვაკეთის ეროვნული აჯანყების იუბილე
- ისტორია - სლოვაკეთის ეროვნული აჯანყება
- სლოვაკეთის ეროვნული აჯანყების მუზეუმი
- ჩეხოსლოვაკიის სამხედრო ნაწილები სსრკ-ში დაარქივებული 2019-01-13 საიტზე Wayback Machine.
- სლოვაკეთის ეროვნული აჯანყება (II მსოფლიო ომი)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Šindelářová: Finale der Vernichtung. S. 64; Venohr: Aufstand der Slowaken. S. 272.
- ↑ Hoensch: Die Slowakei im Jahr 1945. S. 301; Kliment: Germany's First Ally. S. 25.
- ↑ Kliment: Germany's First Ally, S. 24.
- ↑ Venohr: Aufstand der Slowaken. S. 187.; Šindelářová: Finale der Vernichtung. S. 60.
- ↑ Viliam Plevza und Kollektiv: Dejiny Slovenského národného povstania 1944, Zväzok V. Pravda Verlag, Bratislava 1985, S. 428–431.
- ↑ Lacko: Slovenské národné povstanie, S. 200–201; Zückert: Slowakei: Widerstand gegen das Tiso-Regime und nationalsozialistische Vorherrschaft. S. 249.
- ↑ Venohr: Aufstand der Slowaken. S. 299.
- ↑ Kamenec: Slovenský štát v obrazoch. S. 224; Lacko: Slovenské národné povstanie 1944. S. 201.
- ↑ Mičev, S. (Ed.), 2009, Slovak National Uprising 1944. Múzeum SNP, Banská Bystrica, p. 123 (In Slovak)
- ↑ Lacko, M.: Slovak National Uprising 1944. Bratislava, Slovart, 2008 (In Slovak)
- ↑ Fajtl, F. První doma ("First at home"), Naše vojsko, Prague, 1980, 291 pp. (in Czech)
- ↑ Nosko J.: Thus insurgent army fought (Takto bojovala povstalecká armáda). Bratislava, NVK International, spol. s.r.o. 1994, p. 77 (In Slovak)
- ჩეხოსლოვაკია მეორე მსოფლიო ომში
- 1944 წელი ჩეხოსლოვაკიაში
- 1944 წლის კონფლიქტები
- სლოვაკეთის ეროვნული აჯანყება
- აჯანყებები მეორე მსლოფლიო ომის დროს
- სლოვაკეთის ისტორია
- სლოვაკეტის სამხედრო ისტორია მეორე მსოფლიო ომის დროს
- ჩეხოსლოვაკიის ისტორია
- მეორე მსოფლიო ომის ოპერაციები და ბრძოლები
- მეორე მსოფლიო ომის ოპერაციები და ბრძოლები გერმანიის მონაწილეობით
- მეორე მსოფლიო ომის ოპერაციები და ბრძოლები ჩეხოსლოვაკიის მონაწილეობით